თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საქართველოდან განხორციელდა15 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 7.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 73%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 74%-ით გაიზარდა.
2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში (9.797 ტონა), სომხეთში (3.089 ტონა), უკრაინაში (1.451 ტონა), მოლდოვაში (241 ტონა), ყაზახეთში (102 ტონა), სლოვენიაში (91 ტონა), ყირგიზეთსა (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (76 ტონა).
აჭარაში„ნარინჯისფერი რთველის“ სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შექმნილია ოპერატიული საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობას, ისე არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს.
გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა, შტაბი უწყვეტ რეჟიმში იქნება ჩართული სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობაში.
წელს რეგიონში 70 ათასამდე ტონა მანდარინის მოსავალს ელოდებიან, რომლის ნაწილიც ექსპორტზე გავა.