თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. ადვოკატებმა დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.
ადვოკატთა კრება შაბათს გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1339 ადვოკატმა, საიდანაც ასათიანს ხმა 1194-მა მისცა.
ხმის მიცემა ელექტრონულად, სკანერების გამოყენებით გაიმართა. ასოციაციის წევრებმა თავმჯდომარის გარდა, აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის საბჭოს წევრებიც აირჩიეს.
საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დავით ასათიანი ადვოკატთა ასოციაციას 2017 წლის 23 დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.
ასათიანმა საადვოკატო საქმიანობა 2005 წელს დაიწყო, როდესაც დააარსა საადვოკატო ფირმა „ასათიანი და ადვოკატები“. 2006-2010 და 2013-2017 წლებში იყო ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ხოლო 2013-2017 წლებში ასოციაციის საერთაშორისო მდივნის უფლებამოსილებას ახორციელებდა.