თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში დღეს გამართულ საკრებულოების სხდომებზე კვორუმის არარსებობის გამო თავმჯდომარეები კვლავ ვერ აირჩიეს, იუწყება „პირველი არხი“.
10 დეკემბერს ზუგდიდის, წალენჯიხისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ახლადარჩეული საკრებულოების მეორე სხდომა გაიმართა. ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი, 3 დეკემბერს გამართულ პირველ სხდომაზე საკრებულოს წევრების უფლებამოსილებები ცნეს, თუმცა თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შემდეგი სხდომა ერთ კვირაში ჩატარდება.
საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა დეპუტატების ხმების უმრავლესობა.
„ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოებში. ამასთან, ყველა ამ ქალაქსა და რაიონში, წალენჯიხის გარდა, მერის თანამდებობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უკავიათ.