თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ცენტრში, ორბელიანის განახლებულ მოედანზე თანამედროვე აგრარული ბაზარი და კვების ჰოლი - „ბაზარი ორბელიანზე“ გახსნა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ობიექტი ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, ისტორიულ შენობაში განთავსდა, სადაც მანამდე სავაჭრო-გასართობი ცენტრი ფუნქციონირებდა.
მთავრობის მეთაური ორბელიანის მოედანზე თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა. მათთან ერთად გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის დეპუტატები არჩილ თალაკვაძე და რატი იონათამიშვილი.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 18 მილიონ ლარს აღემატება, აქედან 9 მილიონის სუბსიდირება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით მოხდა.
„პროექტის ფარგლებში დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში 1886 წლიდან მოქმედ საკოლმეურნეო ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. „ბაზარი ორბელიანზე“ სამ სართულზე, ჯამში 10.000 კვადრატულ მეტრზე თანამედროვე ტიპის აგრარულ ბაზარსა და კვების სივრცეს აერთიანებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შენობის პირველ სართულზე უშუალოდ აგრარული ბაზარი განთავსდა, სადაც დაახლოებით 100 ადგილზე სასურსათო და არასასურსათო პროდუქტები გაიყიდება. მეორე სართულზე სხვადასხვა გასტრონომიული კონცეფციის მქონე 35-მდე კვების ობიექტია, ხოლო მესამე სართულზე ვერანდა მოეწყო, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება.
პროექტის ფარგლებში უახლოეს მომავალში კულინარიული სკოლა - „ბაზარი გასტრო-სკოლა” ამოქმედდება, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს მასტერ-კლასებზე დასწრების შესაძლებლობა ექნება.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდა.
პროექტის დასრულების შემდეგ თბილისში გაჩნდა კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა, რომელიც მოიცავს ორბელიანის მოედანს, ათონელის, ფურცელაძისა და ფხოვის ქუჩების ნაწილს. ახალ საფეხმავლო ზონაში შენობების პირველ სართულებზე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და კაფეებია განთავსებული.