თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთო.
კალაძესთან ერთად ნაძვის ხის ანთების ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.
„ყველამ ერთად ავანთოთ საზეიმოდ ეს ულამაზესი ნაძვის ხე. ტრადიციულად, ნაძვის ხის ანთებით ჩვენ ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ეს ამავდროულად იყო დიდი გარდატეხის წელი, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, და ახლა მე მინდა, რომ ყველას გისურვოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოქალაქეებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ბედნიერი ახალი წელი უსურვა.
„არ დაგვავიწყდეს სურვილების ჩაფიქრება. ყველაფერი ცუდი, რაც მოხდა 2021 წელს, წარსულს უნდა გავატანოთ და ახალი იმედებით, ახალი შემართებით, დიდი სიყვარულით შევხვდეთ 2022 წელს – წელს, რომელიც იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის“, – აღნიშნა კალაძემ.
როგორც მერმა განაცხადა, წინა წლისგან განსხვავებით, როცა კოვიდ-პანდემიის გამო საახალწლო ღონისძიებები მაქსიმალურად მოკრძალებულად გაიმართა, წელს მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იგეგმება.
24 დეკემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში ორბელიანის მოედანზე და დედაენის ბაღში „საახალწლო სოფელი“ მოეწყობა, სადაც დამონტაჟდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და, რაც მთავარია, იქნება თოვლის ბაბუა, რომელთან ფოტოს გადაღებაც იქნება შესაძლებელი. აქ ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები. ბავშვებს ადგილზე დახვდებათ ზღაპრების პერსონაჟები, ასევე მოეწყობა საბავშვო სახელოსნოები და მსვლელობები.
ყოველდღიურად ორივე ლოკაციაზე გაიმართება ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები და ელექტრონული მუსიკის საღამოები.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, კალაძის თქმით, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ სცენაზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელშიც შოუბიზნესის 300-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. დედაქალაქის მერის თქმით, ყველა ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.