ძალოსნობა: მსოფლიოს პირველობაზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით ასპარეზობს. გიორგი ასანიძის გუნდი უზბეკეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირს გუშინ შეუერთდა.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ტაშკენტში ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი გამოვა.
ტაშკენტში 7 დეკემბერს დაიწყო ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც საქართველო 10 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
საქართველოს ნაკრებიდან ფიცარნაგზე პირველი 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველაძე და რამინ შამილიშვილი გავლენ. მსოფლიოს პირველობაზე მონაწილეობას მიიღებს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც, რომელიც ტურნირის ბოლო დღეს, 17 დეკემბერს იასპარეზებს.
მეორე ოქრო ტოკიოდან – ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია: ვიდეო
აღსანიშნავია, რომ ხვალ ტურნირში ჩაერთვება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟი კახი ასანიძე. ახალგაზრდა ძალოსანი, რომელიც 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფიცარნაგზე თბილისის დროით 18:00 საათზე გავა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასე გამოიყურება: შოთა მიშველაძე (61 კგ), რამინ შამილიშვილი (61 კგ), კახი ასანიძე (73 კგ), რევაზ დავითაძე (89 კგ), ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ), ანტონ პლესნოი (96 კგ), ზაზა ლომთაძე (102 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ), ბაქარ თურმანიძე (109 კგ), ლაშა ტალახაძე (109 კგ).
გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატი პანდემიის გამო არ ჩატარებულა, 2019 წელს კი საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს სამი რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალს დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი დავითაძემ და პლესნოიმ აიღეს.