ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში: არის მსხვერპლი

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი Toyota-ს მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს გადავიდა და Mercedes Vito-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი Toyota-ს მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ Mercedes Vito-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად „ტოიოტას“ მძღოლი ადგილზე დაიღუპა, რამდენიმე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
დაშავებულები გადაიყვანეს საგარეჯოში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ.
დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.