თბილისი, 9 დეკემბერი − Sputnik. ევროატლანტიკურმა თანამეგობრობამ რუსეთს „გამაფრთხილებელი დარტყმა“ უნდა მიაყენოს SWIFT-დან გათიშვის სახით, განაცხადა იან ბჟეზინსკიმ − 2001-2005 წლებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ და ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგის ზბიგნევ ბჟეზინსკის ვაჟმა.
„ჩვენ ახლაც შეგვიძლია გარკვეული ეკონომიკური ზომების მიღება. ვთქვათ, გაზსა და ნავთობზე გარკვეული გადახდების დაყოვნება, ან რუსეთის SWIFT-დან რამდენიმე დღით გათიშვა პრევენციული დარტყმის თვალსაზრისით“, − თქვა მან.
ბჟეზინსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის შესაკავებლად კომპლექსური მიდგომა და პასუხია საჭირო.
SWIFT — ბანკთაშორის ინფორმაციის გაცვლისა და გადახდების საერთაშორისო სისტემაა, რომელშიც მსოფლიოს 200 ქვეყნის 11 ათასი უმსხვილესი ორგანიზაციაა ჩართული.
აღსანიშნავია, რომ გადახდის სისტემა SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინადადება ახალი არ არის. გასული წლის ბოლოს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს. ერთ-ერთ ყველაზე ხისტ ზომად მაშინ რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა დასახელდა.
გარდა ამისა, CNN-ის ინფორმაციით, აშშ ასევე გეგმავს პერსონალური სანქციების დაწესებას რუსეთის ენერგოკომპანიებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვას შეადგენენ.
კიევი და დასავლეთის ქვეყნები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად შფოთავენ უკრაინის საზღვართან „რუსეთის აგრესიული ქმედებების გააქტიურების“ გამო. მოსკოვმა არაერთხელ უარყო ბრალდებები აგრესიაში და განაცხადა, რომ არავის ემუქრება და არც არავისზე აპირებს თავდასხმას. ხოლო განცხადებები „რუსული აგრესიის“ შესახებ რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო ტექნიკის განთავსების საბაბად გამოიყენება.