თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი TBILISI METRO FEST-ს მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში თბილისის მეტროპოლიტენი სამი დღის განმავლობაში თანამედროვე ხელოვნების გალერეად გარდაიქმნა.
ფესტივალის ფარგლებში მეტროს სამ სადგურზე – „მარჯანიშვილზე“, „რუსთაველზე“ და „თავისუფლების მოედანზე“ მეტროს მგზავრებს სხვადასხვა ტიპის ინსტალაციებსა და გამოფენებს შესთავაზებენ.
პროექტში 15 ადგილობრივი და უცხოელი მხატვარი მონაწილეობს: ლევან ამაშუკელი, ნინო ბოსიკაშვილი, თინა ჩერტოვა, ირაკლი ლიტვინენკო, მარიამ კაჭარავა, ნიკა ქუთელია, ელენა გლაზგოვა, მაკა ზედელაშვილი, გიორგი ცქვიტინიძე, ნინო ხუნდაძე, Gagosh, Masholand, BIIMO, NINVELI და SARI KIMORO CLAN.
TBILISI METRO FEST-ი 6 დეკემბერს გაიხსნა და 8 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მხატვრების ტილოების დათვალიერება სამივე მეტროს სადგურში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პროექტის ორგანიზატორია ArtUp - Street Gallery, ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.