COVID-19 - ბოლო ცნობები

სპეციალისტები საქართველოში ტვინდემიის გავრცელებაზე გვაფრთხილებენ

კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი უწინდებურად მაღალია.
Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ქართველი ექიმები მოსახლეობას ქვეყანაში ტვინდემიის გავრცელების შესახებ აფრთხილებენ და ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
ტვინდემია არის ორი ინფექციით – კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად დაავადება. საქართველოს ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ერთხმად საუბრობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე.

„სიტუაცია ისევ მძიმეა. ეს არის ვაქცინაციაზე უარის თქმის და რეკომენდაციების შეუსრულებლობის შედეგი. რა თქმა უნდა, არის ტვინდემიის ალბათობა, ვინაიდან სეზონური გრიპის ვირუსი უკვე ცირკულირებს... აუცილებელია იმუნიზაციის პროცესში დროულად ჩართვა ლეტალობის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის იმუნოლოგმა ნათია გორდაძემ.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება, აღნიშნა, თავის მხრივ, ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ადამიანების რაოდენობა მცირედით გაიზარდა, ეს მაინც არ არის საკმარისი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კულუმბეგოვი: მიზნობრივ ჯგუფებში სახელმწიფომ სავალდებულო ვაქცინაცია უნდა შემოიღოს
„ქვეყანაში გრიპის მაღალი მაჩვენებელი არ არის, მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. თუმცა უკვე იწყება სეზონი, როცა ეს ვირუსი ყველაზე მეტად აქტიურია და მოსალოდნელია, რომ ავადობა გარკვეულწილად გაიზრდება“, – განაცხადა ჩოკოშვილმა.
ზაფხულში საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ფიქსირდება კორონავირუსის 3-5 ათასი ახალი შემთხვევა და 50-70 გარდაცვალება. ოქტომბერში ეპიდემიოლოგებმა საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღაზე საუბარი დაიწყეს.