თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ოქტომბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით, 0,5%-ით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0,4%-ით შემცირდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
2021 წლის ოქტომბერში ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,1155-დან 3,1399-მდე ანუ 0,8%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 0,8%-ით გამყარდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 6,9%-ით გაიზარდა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 3%-ით.
ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 12,8% შეადგინა. სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს რაც შეეხება, ამაზე მაღალი ინფლაცია მაღალი მხოლოდ თურქეთში იყო – 19,9%. უფრო დაბალი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა უკრაინაში – 10,5%, ბელარუსში – 10,5%, სომხეთში – 9,1%, რუსეთში – 8,1%, აზერბაიჯანში – 10%, აშშ-ში – 6,2%, ევროზონაში – 4,1%.
ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 62 მლნ დოლარი გაყიდა.