თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ „ევროპის წლის მუზეუმი - 2022“ კონკურსის ფინალურ ნომინანტად დასახელდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღნიშნული ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში, ასევე ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით.
„ევროპის საბჭოს მუზეუმის პრიზი წარმოადგენს უნიკალურ ჯილდოს და მიზნად ისახავს თვალსაჩინოდ წარმოაჩინოს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საჭიროება, როგორც ფაქტორი, რომელიც აერთიანებს ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანას“, – განაცხადეს ეროვნულ მუზეუმში.
საუკეთესო მუზეუმების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2022 წლის 4-7 მაისს ესტონეთში, ქალაქ ტარტუში.
ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) დაფუძნდა 1977 წელს ევროპის საბჭოს ეგიდით და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მუზეუმების მასშტაბით. ჯილდო ხელს უწყობს ინოვაციურ პროცესს სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე ახდენს ფოკუსირებას.
ეს არის უნიკალური ჯილდო, რომელიც ორიენტირებულია ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის აუცილებლობაზე, როგორც გამაერთიანებელ ფაქტორზე ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოსთვის. აღნიშნულ ნომინაციაზე საქართველო (სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი) პირველად 2016 წელს წარადგინეს.გასულ წელს კი ნომინანტთა სიაში მოხვდა თბილისის ხელოვნების სასახლე - საქართველოს კულტურის ისტორიის მუზეუმი.
ბოლნისის მუზეუმი გასული წლის ზაფხულში გაიხსნა და წარმოადგენს XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის მოდელს. აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტი.