თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ზემო სვანეთის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, დამატებითი ტექნიკის გამოძახება გახდა საჭირო.
დღეს დილით ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის 43-ე კილომეტრზე მთის მასა ჩამოიშალა, რის გამო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
სამეგრელო–ზემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილის დავით კუხალეიშვილის ინფორმაციით, ადგილზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ, დღის პირველ ნახევარში ნაწილობრივ აღდგება.
„ვვარაუდობთ, რომ ხვალ, დღის პირველ ნახევარში, გამთენიისას გაიხსნება გზა ნაწილობრივ მაინც. იქ ძალიან დიდი ლოდია ჩამოწოლილი და, შესაბამისად, სრულ აღდგენას ალბათ დასჭირდება სპეციალისტების დასკვნა ლოდის აფეთქებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კუხალეიშვილმა.
სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ქანების შესასწავლად ადგილზე ელოდებიან სპეციალისტების ჯგუფს.
ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი პრობლემების მქონე მოქალაქეები გადმოჰყავთ. ამ დროისთვის უკვე გადმოყვანილია რვა მოქალაქე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გზის ამ მონაკვეთზე ქვათაცვენის და ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.