COVID-19 - ბოლო ცნობები

„ომიკრონის“ საფრთხე: რუმინეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ცვლის

Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. რუმინეთის მთავრობამ, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის ორი შემთხვევა გამოვლინდა, გადაწყვიტა, რომ დამატებითი ზომები შემოიღოს ქვეყანაში შესვლის მსურველებისთვის, იუწყება პორტალი Digi24.
ორშაბათიდან, 6 დეკემბრიდან მესამე ქვეყნებიდან შემსვლელი ვაქცინირებულები, მათ შორის რუმინეთის მოქალაქეებიც, ვალდებული იქნებიან წარადგინონ COVID-19-ზე უარყოფითი PCR–ტესტი, რომელიც ქვეყანაში შესვლამდე 48 საათით ადრე იქნება გაკეთებული. იმუნიზაციის სერტიფიკატის არმქონე პირები კი ათი დღით გადავლენ თვითიზოლაციაში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონის“ სიმძიმე: ჯანმოში ახალი ვარაუდები გამოითქვა
ამასთან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებმა რუმინეთში შესვლისას უნდა წარადგინონ ან კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის შესახებ, ან ცნობა, რომ COVID-19 გადატანილი აქვთ, ან 72 საათით ადრე გაკეთებული უარყოფითი PCR–ტესტი.
რაც შეეხება „წითელი ზონის“ ქვეყნების მოქალაქეებს, რუმინეთში შესვლისას მათ ორი კვირით მოუწევთ კარანტინში ყოფნა.
გარდა ამისა, რუმინეთის ხელისუფლება, იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის არდადეგებზე ბევრი რუმინელი მოისურვებს შინ დაბრუნებას, 20 დეკემბერიდან მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმას შემოიღებს, რომელიც მგზავრს ქვეყანაში შესვლისას გადაეცემა.
ამ დროისათვის კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, უკვე გამოვლენილია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამასთან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული COVID-19 უფრო იოლი ფორმით მიმდინარეობს და ამ დროისათვის მისით სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა.