COVID-19 - ბოლო ცნობები

„ეს ძალიან ცუდია": ამირან გამყრელიძე პირბადის ტარების მაჩვენებელზე

Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში პირბადის ტარების სამარცხვინოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ პირბადე კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, მცირედით გაუმჯობესებული დინამიკის მიუხედავად, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია. გამყრელიძემ შექმნილ სიტუაციაში კოვიდ-რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე აქცენტი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვაა.

„როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს – 28%, რაც ძალიან ცუდია. პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. აგვისტო-სექტემბერში ქორწილების რაოდენობა შემცირებული იყო, მაგრამ ახლა მსგავს წვეულებებს ძველებურად მართავენ. პირბადის ტარება და თავყრილობების თავიდან არიდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარია აცრები“, – განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლო ორ კვირაში შედარებით გაიზარდა ყოველდღიური აცრების რიცხვი, რაზეც იმოქმედა „მწვანე პასპორტების“ ამოქმედებამ და 60 წელს ზემოთ პირებისთვის ვაქცინაციის წამახალისებელმა პროგრამამ, რომელიც აცრის გაკეთების შემთხვევაში აღნიშნული პირებისთვის ერთჯერადად 200 ლარის დარიცხვას გულისხმობს.
„სამუშაო დღეებში 11–13 ათასი აცრა კეთდება, მაგრამ ჩვენ გვინდა მისი რაოდენობა ორ–სამჯერ მეტი იყოს, რათა ამ წელს ეპიდემიის დამარცხება შევძლოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
პენსიონერები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან
მისი თქმით, ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი ლაბორატორიულად არ არის გამოვლენილი.
„ალბათ ახალი შტამი საქართველოშიც შემოვა. ვირუსებს საზღვარი არ აქვს, ნებისმიერ საზღვარს ლახავენ. ამიტომაც მთავარია სიფრთხილე, უსაფრთხოების ზომების დაცვა და ვაქცინაცია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ახალგაზრდებში ვრცელდება და მის შემთხვევაში რეინფიცირების რისკიც სამჯერ მეტია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
თუ ადამიანი სხვა შტამით იყო ინფიცირებული, იგი შეიძლება „ომიკრონით“ დაინფიცირდეს, აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
„თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, დეკემბერი ცივი სეზონია, უკვე ცირკულირებს გრიპის ვირუსი. დეკემბერ-იანვარ-თებერვალში გვმართებს ძალიან სიფრთხილის გამოჩენა და რეკომენდაციების დაცვა. სიტუაცია კიდევ უფრო არ უნდა გაუარესდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისათვის ქვეყანაში 865 ათასზე მეტი კოვიდ-შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსმა 12 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.