თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 2022 წელს ოთხ ქვეყანაში ჩატარდება, 1 სექტემბერს თბილისში ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის მატჩით გაიხსნება. ტურნირის კალენდარი FIBA-ს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებსა და ბულგარელებს შორის შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები თავის პირველ მატჩს ასევე 1 სექტემბერს გამართავს: 21:00 საათზე ილიას ზუროსის გუნდი ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამ ორ შეხვედრას შორის „А“ ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი ჩატარდება. 18:15 საათზე მოედანზე თურქეთისა და რუსეთის ნაკრებები გამოვლენ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი „А“ ჯგუფში:
1 სექტემბერი – ბელგია–საქართველო
3 სექტემბერი – საქართველო–ესპანეთი
4 სექტემბერი – თურქეთი–საქართველო
6 სექტემბერი – საქართველო–ბულგარეთი
7 სექტემბერი – საქართველო–რუსეთი
მომდევნო რაუნდში ყოველი ჯგუფიდან ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი ითამაშებს.
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ოთხ ქვეყანაში გაიმართება – საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში. ტურნირში 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
კონტინენტის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი სლოვენიის ნაკრებია.