ერთადერთი ქართული ლოუკოსტერი ლიცენზიის გარეშე დარჩა

მარეგულირებლის განცხადებით, ლიცენზიის გაუქმების მიზეზი აქციების საკონტროლო პაკეტის უცხოეთის მოქალაქის ხელში აკუმულირება გახდა.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ქართულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Myway Airlines-ს ლიცენზია გაუუქმა – კომპანიის აქციების უცხოეთის მოქალაქისთვის მიყიდვის გამო, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქმედი ავიაკომპანიების ფინანსური სტაბილურობისა და საიმედოობის მონიტორინგს 2017 წლის 1 ივლისიდან ახორციელებს. ხოლო „საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესი” წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მიმოსვლის სტაბილურობის და საიმედოობის განმტკიცებას, ავიაგადამზიდველების მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის მუდმივი შეფასების გზით.
აგვისტოში სააგენტომ ავიაკომპანია Myway Airlines-თან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციების 40% უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისდა, რომელიც აქციების 89%-ის მფლობელი გახდა. საქართველოს კანონმდებლობით კი საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელშიც საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს.
EUROCONTROL-ის ვიცეპრეზიდენტად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი აირჩიეს
სააგენტოს ცნობით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან მეორე დღესვე ავიაკომპანიაში კომერციული გარიგება შედგა, რომლის თანახმად აქციების დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეზე გადაფორმდა.
„უფრო მეტიც, ავიაკომპანიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ ზეპირ მოსმენაზე, სააგენტოსთვის განზრახ მოწოდებულ იქნა მცდარი ინფორმაცია წილის თავდაპირველად უცხო ქვეყნის მოქალაქისადმი გასხვისების მიზეზებისა და გარემოებების შესახებ, რაც აგრეთვე წარმოადგენს კანონდარღვევას და სააგენტოს ავალდებულებს მიიღოს გადაწყვეტილება საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვის მოწმობის გაუქმების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ყველა მოქმედება კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა.
MyWay Airlines საქართველოში ჩინური Hualing Group-ის მიერ 2018 წელს დაარსდა. იმავე წლის ნოემბერში ჩინეთიდან საქართველოში 43,4 მილიონი დოლარის ღირებულების ორი თვითმფრინავი შემოვიდა. პირველი რეისი MyWay Airlines-მა 2019 წლის მარტის ბოლოს თეირანის მიმართულებით შეასრულა.