თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე 29 ნოემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელთა მიმართ ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სასამართლოსთან შეკრებილები სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბრალდებული თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით სულ ოთხი პირია დაკავებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მანამდე შსს-მ 15 პირი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), რაც სასჯელის სახედ 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, და 173-ე მუხლით (სამართალდამცველი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
საქართველოს შსს-ს განცხადებით, საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ამიტომ პოლიციას კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება მოუხდა.