თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ევროპის რაგბის სუპერთასის ფარგლებში „ლოკომოტივ-პენზასთან“ ანგარიშით 16:19 დამარცხდა.
მატჩი თანაბარი გამოდგა, რასაც ანგარიშიც მოწმობს. შეხვედრის პირველ ნახევარში მეტოქეებმა ერთმანეთს თითო-თითო წარმატებული ლელო და ორ-ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმა გაუცვალეს. „შავი ლომის“ შემადგენლობაში „ლოკომოტივის“ ჩათვლით ზონაში ბურთი სანდრო თოდუამ დაამიწა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი ორივეჯერ ზუსტი საჯარიმო დაარტყა. გუნდები შესვენებაზე ანგარიშით 11:11 გავიდნენ.
ანალოგიური სცენარით განვითარდა მეორე ტაიმი. ჯერ იყო ლელოების გაცვლა, რის შემდეგაც მოედანზე თანაბარი ბრძოლა წარიმართა. და მაინც ბოლო სიტყვა სტუმრებს დარჩათ. „ლოკომოტივის“ ქართველმა ლეგიონერმა რევაზ ბროძელმა გარდასახვა გააკეთა, რომელმაც „ლოკომოტივს“ გამარჯვება მოუტანა. სტუმრებმა 19:16 მოიგეს და პენზაში მარცხისთვის (11:27) რევანში აიღეს.
„შავი ლომისთვის“ ეს ევროპის სუპერთასის გათამაშებაში პირველი წაგებაა. მანამდე ლევან მაისაშვილის შეგირდებმა თბილისში „თელ-ავივ ჰითი“ დაამარცხეს (33:10), შემდეგ კი სტუმრად სწორედ „ლოკომოტივს“ ანგარიშით 27:11 მოუგეს.
სამი ტურის შემდეგ ქართულმა ფრენჩაიზმა 11 ქულა დააგროვა და ის კრასნოიარსკის „ენისეი-СТМ"-თან აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფში პირველ ადგილს იყოფს.
„შავი ლომი“ ტურნირის მომდევნო მატჩს თბილისში 11 დეკემბერს „ენისეის“ წინააღმდეგ გამართავს.