თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები აქტიურია ახალი შტამის - „ომიკრონის“ მიმართაც, განაცხადა „რუსთავი2“-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა საგანგებო სხდომაზე, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა.
„ვაქცინა ახალი შტამის მიმართ საკმაოდ აქტიურია. ჩვენ მზად ვართ და ასევე ვართ ყველანაირად ინფორმირებულები თუ როგორ უნდა იმართოს ახალი შტამი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანმოსგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია ახალ შტამთან დაკავშირებით და მზადაა გაიზიაროს მსოფლიო ექიმების გამოცდილება მის მკურნალობასთან დაკავშირებით.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი შტამით კოვიდგადატანილი და ვაქცინირებული ადამიანებიც ინფიცირდებიან.
ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.