ეროვნული ბანკი ზამთარში მაღალ ინფლაციას ელოდება

ფასების ზრდა წარმოადგენს გლობალურ პრობლემას, რომელიც განპირობებულია პანდემიით და მასთან დაკავშირებული მოვლენებით, განაცხადა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში წლიური ინფლაციის მაღალ დონეს პროგნოზირებს, განაცხადა მარეგულირებლის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის ნოემბერში 2020 წლის ნოემბერთან შედარებით) 12,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
„ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ უფრო მაღალი იქნებოდა ინფლაცია, ვფიქრობთ, დეკემბერ-იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაცია შესაძლებელია კიდევ უფრო მაღალი იყოს, რადგანაც მოგეხსენებათ, გასულ წელს მოხდა სუბსიდირება (ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე - რედ.), რამაც შეამცირა ინფლაცია, შემდეგ მოხდა ასახვა უკან ამ სუბსიდირების“, - განუცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ დღეისათვის მაღალი ინფლაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემას არ წარმოადგენს.
საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ რეკორდებს ხსნის – სტატისტიკის ახალი მონაცემები
„ინფლაცია არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, ეს არის მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების გამოწვევა. აშშ-ში 6,2% ინფლაცია, გერმანიაშიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მაღალი ინფლაციაა და ნუ წარმოვაჩენთ ამას როგორც მხოლოდ საქართველოს პრობლემას, ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიტანა“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკა რჩება მკაცრი და 8 დეკემბრისთვის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გადაწყვეტს, უნდა გაიზარდოს თუ არა რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის შესაჩერებლად.
ამასთან მან აღნიშნა, რომ დღეისათვის ინფლაციის დონის პროგნოზირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით გართულებულია.
„ვფიქრობთ, ეს არის ერთჯერადი ფაქტორები, რომლის გამოც ხდება ინფლაცია. ასევე, ბიუჯეტის დეფიციტიც საკმაოდ მაღალი იყო გასულ წელს და წელსაც, ყველა ეს ფაქტორი არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში ინფლაციას განაპირობებს“, - განმარტა გვენეტაძემ.
რისი ფასები გაიზარდა საქართველოში – ახალი სტატისტიკა
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში კი 8%-მდე დაიწია, ხოლო 2021 წლის მარტში კვლავ გაიზარდა და 10%-ს მიაღწია.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.