საქართველო გერმანიის განვითარების ბანკისგან გრანტის სახით 5,2 მილიონ ევროს მიიღებს

თანხები გამოიყოფა პროექტის „საქართველოს ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება“ დასაფინანსებლად.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გერმანიასთან ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომლის მიხედვითაც საქართველო გერმანიის განვითარების ბანკისგან (KfW) გრანტის სახით 5,2 მილიონ ევროს მიიღებს.
თანხები გამოიყოფა პროექტის „საქართველოს ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება“ დასაფინანსებლად.
შეთანხმებას ხელი მოეწერა საქართველოსა და გერმანიას შორის სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც თბილისში ნოემბრის დასაწყისში გაიმართა.
აღნიშნული შეთანხმების გარდა, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციასაც, რომლის მიხედვითაც საქართველოში „მწვანე“ წყალბადის წარმოების პოტენციალის შესწავლა და განახლებადი და სუფთა ენერგიის განვითარების საპილოტე პროექტი განხორციელდება.
საქართველოში „მწვანე წყალბადის“ პოტენციალის შესწავლა იწყება
„მწვანე“ წყალბადი მოიპოვება წყლის ელექტროლიზის მეთოდით, განახლებადი ენერგიის წყაროების ელექტროენერგიის გამოყენებით.
მას აქვს დიდი პოტენციალი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში, რადგან შეუძლია ჩაანაცვლოს წიაღისეული საწვავი იქ, სადაც დეკარბონიზაცია უფრო რთულია, მაგალითად, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტში, ან ზოგიერთ სამრეწველო პროცესში.
ასევე, „მწვანე" წყალბადს აქვს დიდი პოტენციალი როგორც სეზონურ სისტემას, რომელიც ენერგიის შესანახად გამოიყენება.