თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი არასაბიუჯეტო „ევროპული სამშვიდობო ფონდიდან“ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას 50 მილიონ ევროზე მეტს გადასცემს თავდაცვის პოტენციალის, მშვიდობისა და შიდა სტაბილურობის მხარდასაჭერად, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ევროკავშირის ფონდიდან 12,75 მილიონი ევროს გამოყენება შეუძლია, მოლდოვას – 7 მილიონის, ხოლო უკრაინას – 31 მილიონი ევროს.
კერძოდ, საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარება უზრუნველყოფს არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას და სამოქალაქო ტიპის მობილობის აქტივებს.
გარდა ამისა, კიდევ 24 მილიონი მალიში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად დაიხარჯება.
„ეს ზომები მიზნად ისახავს დახმარების მიმღები ქვეყნების პოტენციალის გაძლიერებას სამხედრო და თავდაცვის სფეროებში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
აღინიშნება, რომ ეს დაფინანსება ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ნორმების, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და სხვა საერთაშორისო წესებისა და სტანდარტების დაცვას.