თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. თბილისში 10 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ დასაქმების ფორუმი გაიმართება – სამუშაოს თბილისელებს „საქართველოს ფოსტა“ შესთავაზებს.
„საქართველოს ფოსტა" სამუშაოს მაძიებლებს 100-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. ღონისძიება 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.
როგორც კომპანიაში აღნიშნეს, პანდემიის გამო მოთხოვნა „საქართველოს ფოსტაზე" გაიზარდა. შესაბამისად, ფოსტა სამუშაო ადგილებს შესთავაზებს მსურველებს, ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმებას.
ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები გაიგებენ არა მხოლოდ არსებული, არამედ მომავალი ვაკანსიების შესახებაც „საქართველოს ფოსტაში".
„საქართველოს ფოსტა" ყველაზე დიდი საფოსტო ოპერატორია საქართველოში, რომელიც გამოირჩევა მომსახურების ცენტრების ფართო ქსელით. მისი მომსახურება საქართველოს ყველა წერტილშია ხელმისაწვდომი. ამას გარდა, ახორციელებს წერილებისა და ამანათების მიწოდებას მსოფლიოს 190 ქვეყანაში.
კომპანიას 81 სერვის-ცენტრი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებშიც 2,1 ათასი თანამშრომელი მუშაობს.