საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავეს

მანამდე პოლიციის დაუმორჩილებლობის ფაქტზე სამართალდამცველებმა 15 პირი დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე 29 ნოემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელთა მიმართ ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით დღეს კიდევ სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრისა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეს, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სასამართლოსთან შეკრებილები სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
დაკავებები სასამართლოსთან: ინსპექტორის სამსახური პოლიციის ქმედებებს იძიებს
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მოთხოვნას – ჩამოსულიყვნენ დაცვის ჯიხურიდან და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი ბრალდებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მასთან ერთად დაცვის ჯიხურზე მყოფი მეორე ბრალდებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, სიმაღლიდან გადაგდების მიზნით, ფიზიკურად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად განაგრძო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.
„ამავე ბრალდებით დაკავებულმა ორმა პირმა აქციის მსვლელობისას დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკურად იძალადეს თბილისის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მანამდე შსს-მ 15 პირი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), რაც სასჯელის სახედ 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას, ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, და 173-ე მუხლით (სამართალდამცველი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს დაჯარიმებას 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.