თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. „მწვანე სტატუსის" არმქონე პირების მომსახურებისთვის ბიზნეს-ობიექტები დაჯარიმდებიან, განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.
კერძოდ, თუ ისეთი ობიექტის ტერიტორიაზე, რომელიც „მწვანე ზონას" მიეკუთვნება, დაუშვებენ „მწვანე სტატუსის" არმქონე პირს, პასუხისმგებლობა დაწესებულების ადმინისტრაციას დაეკისრება.
კანონდარღვევის შემთხვევაში ობიექტის მფლობელი იურიდიული პირი 10 ათასი ლარით, ინდივიდუალური მეწარმე კი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. ფაქტის განმეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
„1 დეკემბრიდან შრომის ინსპექცია აქტიურად დაიწყებს შემოწმებას, თუ რამდენადაა კოვიდ-აპლიკაცია დანერგილი შესაბამის დაწესებულებებში. პირველ დღეებს სარეკომენდაციო ხასიათი ექნება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნეს-სუბიექტებს, ისე მოქალაქეებს, რათა გადმოწერონ აპლიკაცია და მიიღონ სერვისები", – განაცხადა ფერაძემ ბრიფინგზე.
1 დეკემბრიდან კოვიდ-პასპორტის ან QR–კოდის წარდგენა აუცილებელია: რესტორნებში (ღია და დახურულ სივრცეებში), კაფეებში (ღია და დახურულ სივრცეებში), ბარებში (ღია და დახურულ სივრცეებში), კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.
აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
კოვიდ–პასპორტის აღება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კოვიდ-გადატანილ პირებს, PCR–ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ყველა შემთხვევაში, გარდა PCR და სწრაფი ტესტისა, კოვიდ-პასპორტი უვადო იქნება. PCR–ტესტთან ერთად იგი 72 საათის, სწრაფი ტესტის შემთხვევაში კი 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.