თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური.
ლევან კარანაძე აღნიშნულ თანამდებობაზე პირველი ვადით 2019 წელს აირჩიეს. 25 ნოემბერს გამართული კენჭისყრის შედეგად, ლევან კარანაძე აღნიშნულ პოსტზე საქმიანობას მომავალი ორი წლის ვადით გააგრძელებს. ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა (41 ქვეყანა) ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„EUROCONTROL-თან თანამშრომლობით, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის, დაინერგა ღია ცის პრინციპები. სწორედ ეს რეფორმები გვეხმარება, რომ კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, ჩვენი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა დღეს ძალიან ბევრ ქვეყანასთან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი EUROCONTROL-ის წევრებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭო წარმოადგენს უწყების მმართველ ორგანოს, რომელიც EUROCONTROL-ის მიერ დაწესებული პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის რეალიზაციას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლების პირველი პირები არიან.
საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე გერმანიის საავიაციო უწყების პირველი პირი, იოჰან ფრიდრიხ ქოლსმანი (Johann Friedrich Colsman) აირჩიეს. მეორე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს ავსტრიის საავიაციო სამმართველოს უფროსი ელისაბეთ ლენდრიჰტერი (Elisabeth Landrichter).