ექსპერტებმა ქართული ოპოზიციური ტელეარხების საქმიანობა გააკრიტიკეს

ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში ოპოზიციური ტელეარხები სააკაშვილის ინტერესებს ემხრობიან და არ ასრულებენ დამოუკიდებელი მასმედიის ფუნქციებს
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ოპოზიციური ტელეკომპანიები სერიოზულ როლს ასრულებენ საზოგადოების პოლარიზაციაში და ეს ქვეყანას ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს, განაცხადეს ექსპერტებმა „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
„Sputnik-საქართველოს“ პრესცენტრის სტუმრები იყვნენ პუბლიცისტი, საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ ნაშრომების ავტორი ბაია ამაშუკელი და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე.
ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ოპოზიციური ტელეკომპანიები - „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ - ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ემხრობიან და არანაირად არ ასრულებენ დამოუკიდებელი მასმედიის ფუნქციებს. კიკნაძისა და ამაშუკელის აზრით, ეს ტელეარხები ხელმძღვანელობენ კერძო და არა საზოგადოებრივი ინტერესებით.
„ამ რეჟიმში ჩვენ 2012 წლიდან ვიმყოფებით, როდესაც მშვიდობიანად გავისტუმრეთ მთავრობა, რომლის საქმიანობასაც საზოგადოება მეტად ნეგატიურად აფასებდა. სამწუხაროდ, ადამიანების ეს ჯგუფი შემდეგ მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური გუნდის სახით. მას შემდეგ ისინი ყველანაირად, თავიანთი ტელეარხების მეშვეობით პროპაგანდას ეწევიან“, - განაცხადა ამაშუკელმა.
მისი თქმით, ეს ტელეარხები არ მუშაობენ საზოგადოების გასაერთიანებლად, არამედ პირიქით, ხელს უწყობენ პოლარიზაციას.
პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი
„სამწუხაროდ, ნეგატიური ინფორმაციის გარდა, იქიდან არაფერი არ მოდის“, - ხაზი გაუსვა ამაშუკელმა.
ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი, ექსპერტის აზრით, არის დამოუკიდებელი კომისიის შექმნა, რომელიც ყურადღებით შეისწავლის და დაარეგულირებს საქართველოში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების საქმიანობას.
საქართველოში ოპოზიციური მასმედიის საქმიანობას ქართველი პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე აფასებს, როგორც ძალიან შემაშფოთებელ პროცესს.
„ისინი ახალ ამბებს ტელეეკრანებიდან ისე გვაწვდიან, როგორც მოესურვებათ. საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ძალიან შეშფოთებული და აღშფოთებულია ზოგიერთი ფაქტის დამახინჯების და საზოგადოებისთვის იმ ფორმით მიწოდების გამო, როგორც ეს ოპოზიციური ძალებისთვისაა ხელსაყრელი. ამ კუთხით ჩვენ მეტად რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, საზოგადოებაში დაპირისპირება ჩნდება და ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა კიკნაძემ.
პოლიტიკოგი თამარ კიკნაძე
პოლარიზაციის მორიგმა ტალღამ საზოგადოებას ადგილობრივი არჩევნების პირველი და მეორე ტურების პერიოდში გადაუარა. განსაკუთრებული როლი ამაში საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ ითამაშა, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. სააკაშვილს სამშობლოში ორ სისხლის სამართლის საქმეზე დაუსწრებლად აქვს განაჩენი გამოტანილი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.