საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში ახალი წლისთვის მზადება უკვე დაიწყო – ქალაქის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები გაჩნდა.
Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო პირველი რესპუბლიკის მოედანი ჩაიკეტება და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ტერიტორიაზე 27-30 ნოემბერს 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში განხორციელდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი" ჩაატარებს.
საახალწლო ილუმინაციებით დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონი მოირთვება. ტრადიციულად, მთავარი ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების ანთება საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ხდება.
თბილისის მერიამ საახალწლოდ დეკორატიული საახალწლო მატარებლისა და ახალი საახალწლო სათამაშოების შეძენა გადაწყვიტა. დეკორატიულ მატარებელს ექნება ერთი ღია ვაგონი, სადაც იქნება განლაგებული სათამაშოები. საახალწლო სათამაშოები კი სხვადასხვა ტიპის იქნება - მანათობელი სანთლები, ანგელოზები, თოვლის ბაბუები. მერია აღნიშნულ პროდუქციას 10 დეკემბრამდე მიიღებს.
გასულ წელს ქალაქის ქუჩების საახალწლოდ მოსართავად მერიამ 2,8 მილიონი ლარი გამოყო. ეს თანხები დაიხარჯა განათებებზე, დეკორაციასა და მთავარ ნაძვის ხეზე.