ყვითელი ამბები

„ახალგაზრდა ქალს გინეკოლოგთან მიათრევენ საქალწულე აპკის შესამოწმებლად...“ – ბაია პატარაია

Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. გოგოებო, ქალებო, ნუ მოითმენთ ამ დამცირებას და ძალადობას ნურავისგან, მით უმეტეს ოჯახში, სადაც პირველ რიგში უნდა ზრუნავდნენ არა „აპკზე“ და „ოჯახის ღირსებაზე“, არამედ შვილის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე, წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

„უკვე მერამდენედ ვაწყდები ფაქტს, რომ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც შეყვარებული ჰყავს, მშობლები „პროგრომს“ უწყობენ (ოჯახში ძალადობა მ.126 პრიმა), შინ კეტავენ ( უკანონოდ უღკვეთენ თავისუფლებას მ. 143), ბიჭს აჩეხვით ემუქრებიან (მუქარა მ.151), გოგოს გინეკოლოგთან მიათრევენ საქალწულე აპკის შესამოწმებლად (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მ. 144 ტერცია)“, – წერს პატარაია.

უფლებადამცველის თქმით, ეს არის დანაშაულები, რაც ისჯება და თანაც ციხით, და ასეთი ქცევა ველურობაა და ყველა ქალი დაცული უნდა იყოს ამ ღირსების შემლახავი ძალადობისგან.
პატარაია მიმართავს ქალებს და ამბობს, რომ თუ ვინმე მსგავს მდგომარეობაშია, აუცილებლად მიმართონ მათ ორგანიზაციას, ან პოლიციას, მყისიერი შეტყობინებისთვის კი ჩამოტვირთონ მობილური აპლიკაცია Safe You – საქართველო.