კომუნიკაციების კომისიამ სამი ქართული ტელეარხი დააჯარიმა

დაჯარიმდა როგორც ოპოზიციური ტელევიზია, ასევე ორი პროსახელისუფლებო ტელეკომპანია
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამი წამყვანი ქართული ტელეარხი: „მთავარი არხი“, „იმედი“ და „მაესტრო“ დააჯარიმა, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
კერძოდ, კომუნიკაციების კომისიამ დააჯარიმა ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 112 ათასი ლარით არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის.
საუბარია ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ დამზადებულ სამ ვიდეორგოლზე, რომელიც ეთერში 17 და 18 ნოემბერს გავიდა. სამივე ვიდეო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ეხებოდა და კომუნიკაციების კომისიამ შინაარსის გამო ისინი პოლიტიკურად მიიჩნია.
კომუნიკაციების კომისიამ შვიდი ქართული მედიასაშუალება კანონდამრღვევად ცნო
რადგან მსგავსი რეკლამისთვის ტელეარხი 2020 წელს დაჯარიმდა, ამჯერად ჯარიმა წლიური შემოსავლის 1%-მდე გაიზარდა და 112 ათასი ლარი შეადგინა.
კომისიამ ასევე დააჯარიმა ტელეკომპანია „იმედი“ და „მაესტრო“ - თითოეული 2,5 ათასი ლარით.
ამ შემთხვევაში დაჯარიმების მიზეზი წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობა გახდა.