COVID-19 - ბოლო ცნობები

ვის მიენიჭება ე.წ. მწვანე სტატუსი 1 დეკემბრიდან

„მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. „მწვანე სტატუსი“ ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
ღიბრაძის განცხადებით, მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR–ტესტი, ან თუ აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.
იმ შემთხვევაში, თუ პირმა გადაიტანა კორონავირუსი, ღიბრაძის განმარტებით, მას „მწვანე სტატუსი“ ექნება მუდმივად.

„თუ პირს გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასულია 14 დღე, ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე რესტორნებში, კაფე-ბარებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე, სამორინეებში და სხვა მსგავს დაწესებულებებში მომხმარებელი ვეღარ შევა. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა პერსონალზე.
COVID-19 - ბოლო ცნობები
1 დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე დაწესებული საათობრივი შეზღუდვა იხსნება
საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იმოქმედებს.
ე.წ. კოვიდ-პასპორტის მისაღებად საჭიროა ან იუსტიციის სახლში მისვლა, სადაც პასპორტის ან პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ შეამოწმებენ მონაცემებს და გასცემენ სასურველ საბუთს, ან შეიძლება შესვლა სპეციალურ ვებ-გვერდზე https://covidpass.moh.gov.ge.