COVID-19 - ბოლო ცნობები

1 დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე დაწესებული საათობრივი შეზღუდვა იხსნება

საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტები 1 დეკემბრიდან ამოქმედდება – რესტორნები მზადყოფნას გამოთქვამენ.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაცია, რომელიც რესტორნებს 23:00 საათის შემდეგ მუშაობას უკრძალავს, 1 დეკემბრიდან მოიხსნება.
შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

„რესტორნებს, რომელთაც 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. მათ შეუძლიათ იმუშაონ რამდენ ხანსაც ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე რესტორნებში, კაფე-ბარებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში და სხვა მსგავს დაწესებულებებში მომხმარებელი ვეღარ შევა.
საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის იმოქმედებს. კოვიდ-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოდ გაიცემა. ამ ეტაპზე ეს ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც ვაქცინაციის სრული კურსი გაიარეს.