თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სააგენტო NASA-მ კოსმოსში სპეციალური ზონდი გაუშვა ასტეროიდთან განზრახ შეჯახების მიზნით, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე ქვეყნდება.
როგორც ირკვევა, ზონდის გაშვება კალიფორნიის შტატში მდებარე ვანდენბერგის კოსმოდრომიდან განხორციელდა რაკეტმზიდ Falcon 9-ის მეშვეობით.
გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახების მიზანია ასტეროიდ დიმორფოსისთვის ორბიტის შეცლა. დაგეგმილი შეჯახება 2022 წლის ოქტომბერში უნდა მოხდეს. NASA-ში იმედი აქვთ, რომ ეს პროექტი, რომლის ღირებულებაც 330 მლნ დოლარია, მეცნიერებს მისცემს საშუალებას, დაადგინონ, როგორ შეიძლება დაიცვან დედამიწა ასტეროიდებისგან.
ასტეროიდი დიმორფოსი დაახლოებით 160 მ დიამეტრისაა. ამ დროისათვის ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს დედამიწისთვის. ამასთან NASA-ს ტრაექტორია იმგვარად აქვს დაგეგმილი, რომ ის არც ზონდთან შეჯახების შემდეგ შეუქმნის საშიშროებას ჩვენს პლანეტას.
მეცნიერების ვარაუდით, შეჯახების შემდეგ დიმორფოსის ორბიტული პერიოდი, რომელიც ახლა დაახლოებით 12 საათია, სულ ცოტა 73 წამით, ან შესაძლოა სულაც 10 წუთით შემცირდება.
ამის შემდეგ, უკვე 2024 წლისთვის, დაგეგმილია ევროპული კოსმოსური სააგენტო ESA-ს მისია − სახელწოდებით Hera, რომელიც ასტეროიდთან შეჯახების შედეგების უფრო დეტალურად შესწავლას გახდის შესაძლებელს.
ამ დროისათვის მეცნიერებისთვის არ არის ცნობილი არცერთი ასტეროიდი, რომლებიც შეიძლება დედამიწას შეეჯახონ ხილულ პერსპექტივაში. სულ ჩვენი პლანეტის მახლობლად მკვლევარებმა დაახლოებით 27 ათასი ასტეროიდი დააფიქსირეს, რომელთაგან დაახლოებით 10 ათასს 140 მ-ზე მეტი დიამეტრი აქვს.