თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ყაჩაღობის ფაქტზე 22 წლის მამაკაცი „ცხელ კვალზე“ დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა დღეს, 23 ნოემბერს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა. ბრალდებული ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, მან განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.
უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთში დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.