თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. თბილისის გალერეა „წითელ კვადრატში“ სიურრეალისტი მხატვრის კახა ესებუას პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს.
მხატვარმა საგამოფენო სივრცეში ბოლო პერიოდში სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინა.
„სიურრეალიზმი არის სისხლის ჯგუფი. მიუხედავად უამრავი ინფორმაციისა და ილუსტრაციებისა სიურრეალიზმის შესახებ, შეუძლებელია სიურრეალიზმის სწავლა და სიურრეალისტად ჩამოყალიბება“, – აღნიშნავს ესებუა.
მისი თქმით, მხატვრისთვის აუცილებელია თანდაყოლილი განცდის ნიჭი, რაც განაპირობებს მისი, როგორც შემოქმედის განუმეორებელ ინდივიდუალობას.
კახა ესებუას პერსონალური გამოფენები აქვს გამართული 2000 წელს საქართველოს სახელმწიფო სურათების ეროვნულ გალერეაში, 2003 წელს „ბაია გალერეაში“, 2016 წელს – თავდაცვის სამინისტროში. მხატვრის ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყანაში კერძო კოლექციებში ინახება.
ამჟამინდელი გამოფენა 25 ნოემბრამდე გასტანს.