რამდენია საქართველოს ვალი: ფინანსთა სამინისტრომ მონაცემები გამოაქვეყნა

სახელმწიფო ვალის დიდ ნაწილს (81%) შეადგენს საგარეო ვალი, რომელიც 23,4 მლრდ ლარია.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. 2021 წლის 30 სექტემბრისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი 28,9 მლრდ ლარს შეადგენს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო ვალის შესახებ მონაცემები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდა.
საქართველოს საგარეო ვალი
სახელმწიფო ვალის დიდ ნაწილს (81%) შეადგენს საგარეო ვალი, რომელიც 23,4 მლრდ ლარია.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მისი დიდი ნაწილი მოდის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დონორი და პარტნიორი ქვეყნებისგან აღებულ სესხებზე.
რამდენით და რატომ გაიზარდა სახელმწიფოს საგარეო ვალი?
სახელმწიფო ვალის ძირითადი ნაწილი გრძელვადიანია – პორტფელის საშუალოშეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა შეადგენს 20,8 წელს, საშუალოშეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0,97%-ს. საქართველოს სესხების დასაფარად დაახლოებით 9,1 წელი დარჩა.
ამასთან, სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო საგარეო ვალის 55% შედგება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტებისგან. ეს გარემოება ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის საგარეო ვალის მომსახურების პარამეტრების დაცულობას საპროცენტო განაკვეთების რყევებისგან და უზრუნველყოფს ვალის მომსახურების ხარჯების შენარჩუნებას დაბალ დონეზე.
უწყების მონაცემებით, საგარეო ვალის 22% SDR-შია დენომინირებული (ნასესხობის სპეციალური უფლება) მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური რესურსების დიდი წილის გამო.
2021 წლის სამი კვარტლის განმავლობაში საგარეო ვალის დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 2,6 მლნ ლარი, საიდანაც 216,8 ათასი ლარი პროცენტის თანხას, ხოლო დანარჩენი ვალის ძირითადი ნაწილის დაფარვას მოხმარდა.
საქართველოს შიდა ვალი
შიდა ვალის საერთო მოცულობა 5,5 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 5,1 მლრდ ლარი წარმოადგენს ნაშთს სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ნაწილში, 320,8 მლნ ლარი კი მოდის ეროვნული ბანკის ობლიგაციებსა და ღია ბაზრის ოპერაციებზე, 38,8 მლნ კი არის საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხი.
საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება
შიდა ვალის დასაფარად ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა 6 და 12-თვიანი სახაზინო ვალდებულებებისა და 2, 5 და10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების ემისია.
30 სექტემბრის მონაცემებით, სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შედეგად ქვეყნის ბიუჯეტში შევიდა 740,6 ათასი ლარი და დაიფარა ძირითადი თანხის 1,4 მლნ ლარი. შესაბამისად, ვალდებულებების კლება 644.8 ათასი ლარით განისაზღვრა.
ამასთან, შიდა ვალის დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 413,3 ათასი ლარი.