ფეხბურთი: ბათუმის „დინამოს" საქართველოს ჩემპიონობამდე ერთი ფრე აშორებს

იმისათვის, რომ მომდევნო ტურში ჩემპიონი გახდეს, ბათუმის „დინამოსთვის" „სამგურალთან" ფრეც საკმარისია
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ჩემპიონატის 34-ე ტურში ბათუმის „დინამომ" საკუთარ მოედანზე „თელავს“ 2:0 მოუგო და ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბათუმელები უახლოეს მეტოქეს ხუთი ქულით უსწრებენ.
„თელავთან“ მატჩის გმირი თორნიკე გაფრინდაშვილი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. შავი ზღვის კლუბის ნახევარმცველმა გოლები 72-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა.
ბათუმის „დინამოელებს” საანგარიშო ტურშიც შეეძლოთ ჩემპიონობის გაფორმება, თბილისის „დინამოს” რომ „შუქურასთვის” არ მოეგო. მაგრამ დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ინტრიგა ბოლომდე შეენარჩუნებინათ. გიორგი გაბედავასა და ზორან მარუშიჩის გოლებმა კახა ცხადაძის შეგირდებს 2:0 მოგება მოუტანა.
ამრიგად, ბათუმის „დინამოსთვის" მომდევნო ტურში საკმარისია „სამგურალთან" მატჩი ფრედ დაასრულოს, რათა კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა იზეიმოს.