„ტვ პირველი“ პატრულ-ინსპექტორს ცილისწამებისთვის მორალურ ზიანს აუნაზღაურებს

პატრულ-ინსპექტორმა ტელეკომპანიის მიერ მის შესახებ გავრცელებული ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „ტვ პირველს“ პატრულ-ინსპექტორისთვის ცილისწამების შესახებ სარჩელზე მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა.
„მიმდინარე წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია „პირველმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური – გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განუმარტა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო არასწორი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე 20 ნოემბრის გადაცემის ეთერში დაავალა გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ.