საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო

ახალი პროგრამის მიმართულებებს შორის შეიძლება იყოს სახელმწიფო საწარმოების კაპიტალის ბაზრის რეფორმა და საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მომავალი პროგრამა განიხილა მისიის ხელმძღვანელთან, ჯეიმს ჯონისთან, ნათქვამია სამინისტროს Facebook-გვერდზე.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე ორიენტირებული სამწლიანი პროგრამა, რომელიც სსფ-მა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა ტრანშებმა ჯამში 687 მილიონი დოლარი შეადგინა.
„მთავარი ყურადღება გამახვილდა ფონდთან დაგეგმილი ახალი სამწლიანი პროგრამის ძირითად მიმართულებებზე. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები საშუალოვადიან პერიოდში, სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი, რომელთა შორისაა: სახელმწიფო საწარმოების, კაპიტალის ბაზრის რეფორმები, ასევე, საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და სხვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკური სიტუაციის შეფასებისას, სსფ-მა აღნიშნა, რომ COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გადალახვისა და ვაქცინაციის დაწყების შემდეგ საქართველო პოტენციურად იმყოფება პანდემიის შედეგების გადალახვის გარდამტეხ ეტაპზე.
სსფ მიიჩნევს, რომ მომდევნო ნაბიჯები უნდა იყოს მკაცრი კონტროლი COVID-19-ზე, აღდგენის უზრუნველყოფა და რთულ პირობებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის დაცვა. ამასთან, საბაზო სცენარის თანახმად, ძლიერი აღდგენა მოსალოდნელია 2021 წლის მეორე კვარტალში, რის შედეგადაც ეკონომიკური ზრდა წელიწადში 3,5% იქნება.