თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. გასული ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ სასწავლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნებულია. ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზე 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი იმყოფება.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,7%.
ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი პედაგოგების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,3%-ს დაუდასტურდა. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 116 მასწავლებელი, აღნიშნეს უწყებაში.
„სამინისტრო სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს კორონავირუსზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
საქართველოში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციური სწავლებით დაიწყო, საკლასო ოთახებს მოსწავლეები 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდნენ.