COVID-19 - ბოლო ცნობები

ნათია თურნავა ე.წ. ბუსტერ–დოზით „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებთან ერთად აიცრა

Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ-დოზით“ რუსთავის კლინიკაში, საწარმო „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებთან ერთად აიცრა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეკონომიკის მინისტრმა მაისში ჩინური Sinopharm-ის პრეპარატით კოვიდ-ვაქცინის ორი დოზა გაიკეთა, მესამე დოზა კი Pfizer-ის ვაქცინით ჩაიტარა.
ეკონომიკის მინისტრთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარა „რუსთავის აზოტში“ დასაქმებულმა 100-მდე პირმა.

„მე მათ დავპირდი, რომ როდესაც შემდეგი აცრა მომიწევდა, ანუ ბუსტერ-დოზა, მათთან ერთად ვიქნებოდი. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დღეს აქ – რომ თავად ავიცრა და ეს ადამიანებიც გავამხნევო. ბევრი მათგანი დღეს პირველ დოზას იკეთებს“, – განაცხადა თურნავამ.

თურნავა საწარმოს თანამშრომლებს 29 ოქტომბერს შეხვდა, მათ მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და დაჰპირდა, რომ ბუსტერ–დოზით მათთან ერთად აიცრებოდა.
„რუსთავის აზოტი“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული საწარმოა, სადაც 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ „რუსთავის აზოტი“ ერთ-ერთია იმ რამდენიმე საწარმოს შორის, რომლებმაც სამედიცინო ჟანგბადის წარმოება დაიწყეს და ამგვარად უზრუნველყვეს სამედიცინო სექტორი და, შესაბამისად, მოსახლეობა დაავადებასთან ბრძოლისას ამ აუცილებელი კომპონენტით.