ანდრეი კოცი
ალიანსის ქვეყნები კიევს თანამედროვე იარაღით ამდიდრებენ. იმის შესახებ, თუ რას უკავშირდება ასეთი აქტიურობა, РИА Новости წერს.
არმიის ელიტა
ტაბლოიდ Mirror-ის მონაცემებით, ბრიტანეთის მთავრობა თავდაპირველად ეჭვობდა, მაგრამ სამხედროები მაინც დაარწმუნეს კრემლის საფრთხეების რეალობაში. აქაოდა, რუსული ტანკები ეს-ესაა საზღვარს გადაკვეთენ და გამარჯვებული მარშით დაიძრებიან კიევისკენო. ლონდონის ჩანაფიქრით, 600 ელიტური ჯარისკაცი „მზაკვრულ გეგმებს ჩაშლის“.
სპეცჯგუფის ხერხემალი — მე-16 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადისა და SAS-ის სპეცრაზმის მებრძოლები — მეორე მსოფლიო ომის დროიდან არის ცნობილი. ამ ქვედანყოფს ათობით წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული მთელ მსოფლიოში. მის მოდელზე ჩამოყალიბდა ცნობილი სპეცრაზმები, კერძოდ ამერიკული „დელტა“. ბრიტანელი „სპეცების“ „ფიშკა“ — ფრონტის ხაზის მიღმა მოქმედებები, მტრის ზურგში დივერსიები და ღრმა დაზვერვაა.
გამოცემის წყაროები აზუსტებენ: უკრაინაში გადასროლის შესახებ ბრძანება მხოლოდ „მოსკოვის შეჭრის შემთხვევაში“ იქნება მიღებული. თუმცა თავად პროფესიონალები უკვე სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.
ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ნიკ კარტერმა თქვა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ომის შემთხვევით დაწყების ალბათობა „ისე მაღალია, როგორც არასდროს“. საბედისწერო მომენტის „გამოტოვება“ დაუშვებელია.
ბრიტანელები განგაშის რიტორიკას უკრაინის საზღვართან „რუსული ჯარების თავმოყრით“ ხსნიან. თუმცა მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ დაგეგმილ მანევრებში, რომლებიც მკაცრად სუვერენულ საზღვრებში ტარდება, არაფერია უჩვეულო.
„სამხედრო ათვისება“
კიევი და დასავლეთის ქვეყნების მთავრობები სულ უფრო ხმამაღლა ყვირიან „კრემლის აგრესიაზე“. საიდუმლო არ არის, რომ მოკავშირის დაცვის საბაბით ნატო მტკიცედ დამკვიდრდა უკრაინაში და მისი შეიარაღებული ძალების იარაღით მომარაგებას განაგრძობს. კერძოდ, ცოტა ხნის წინ კიევში 80 ტონა სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო მასალა ჩაიტანეს. მანამდე კი, ნოემბერში შეერთებული შტატებიდან ხომალდი გაემგზავრა Island-ის კლასის ორი კატარღით უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის.
სავარაუდოდ, მალე მეტი გაიგზავნება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ორი დღის წინ პირობა დადო, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განავითარებას კვლავაც განაგრძობს.
უკრაინაში ნატოს რამდენიმე სამხედრო ობიექტი უკვე მოქმედებს. კერძოდ, პენტაგონის ინსტრუქტორები უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს 2015 წლიდან წვრთნიან ლვოვის რეგიონში მდებარე იავორივის პოლიგონზე. ფორმალურად პოლიგონი კიევს ეკუთვნის, ფაქტობრივად კი ეს ალიანსის ბაზაა. უბრალოდ იქ „უკრაინელ კოლეგებს“ უშვებენ.
ოჩაკოვში (ნიკოლაევსკაიას ოლქი) გემების მართვის ცენტრისგან განსხვავებით, რომელიც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ბატალიონმა ააშენა, აქ — ყირიმის სანაპიროდან არცთუ ისე შორს, ამერიკელები მცურავი დოკის აღჭურვას გეგმავენ თავიანთი ვიმპელების შესაკეთებლად და მათი მომსახურებისთვის.
ბრიტანელებმა კი ოდესიდან 30 კილომეტრში მდებარე იუჟნის პორტს დაადგეს თვალი. სამხედრო მყვინთავებმა საზღვაო ბაზის ასაშენებლად საჭირო ყველა წინასწარი სამუშაო უკვე დაასრულეს. უკრაინის საზღვაო ძალების იქ ყოფნაზე საუბარი გამორიცხულია. ლონდონმა გამოთქვა სურვილი, მსგავსი ობიექტი აზოვის ზღვაზეც მოიწყოს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამერიკელი სამხედრო ექსპერტები მარიუპოლის მახლობლად უკრაინელ სნაიპერებს წვრთნიან, ხერსონის ოლქის ალიოშკის მახლობლად — დივერსანტებს, ზმეინის კუნძულზე არსებულ სადაზვერვო ცენტრში — მზვერავებსა და საბრძოლო მოცურავეებს ამზადებენ, მიხაილოვკის მახლობლად — უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებს. შტატებში უკრაინა, ფაქტობრივად, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევა. ამ დღეებში კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა პირდაპირ განაცხადა იქ პენტაგონის „მუდმივ ყოფნაზე“.
ნატოს წვლილი
თუმცა, ეს აშკარად არ არის საკმარისი კიევისთვის. მაგალითად, დეპუტატმა ოლეგ დუნდამ თავდაცვის სამინისტროს ამოცანა გაამჟღავნა: „შეერთებული შტატების უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში ჩათრევა“.
ამის შესახებ ღიად საუბრობენ უკრაინის სახელმწიფოს მაღალჩინოსნებიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევის სამხედრო რიტორიკა იარაღის გაგზავნის კიდევ ერთ მოთხოვნას დაუკავშირა.
„აშკარაა, რომ ზელენსკი არ ეწინააღმდეგება გარკვეული ინციდენტების პროვოცირებას იმ მოლოდინით, რომ, როგორც ოსტაპ ბენდერი ამბობდა, „უცხოეთი დაგვეხმარება“. ვფიქრობ, რომ ყველა მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულმა დასავლელმა ექსპერტმა, რომლებიც თვალს ადევნებენ მიმდინარე მოვლენებს, კარგად იცის, რაზეა საუბარი“, — განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ეს გაცნობიერებული აქვთ უკრაინაშიც. გამოცემა ZN.ua-ს მონაცემებით, „სამხრეთ-აღმოსავლეთში გამწვავების“ ფონზე პენტაგონს გაუგზავნეს სურვილების სია: რაკეტა Harpoon (საზღვაო სამიზნეებისთვის) და სახმელეთო რაკეტები SLAM. მანამდე საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot, გამანადგურებლები F-16 ან JAS 39 Gripen და ასევე ჯავშანმანქანები მოითხოვეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს