საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ჰერმან საბოს უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

ჰერმან საბო პარლამენტში ზურაბ ჯაფარიძის უფლებამონაცვლე იქნება, რომელმაც დეპუტატის მანდატზე უარი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ განაცხადა პროტესტის ნიშნად.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პარტიული სიის წევრის ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ჰერმან საბო პარლამენტში ზურაბ ჯაფარიძის უფლებამონაცვლე იქნება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტის შესაბამისი დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, საბოს სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა კი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოხდება.
პარლამენტმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა
პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სადეპუტატო მანდატზე უარი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პროტესტის ნიშნად განაცხადა. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
აღნიშნული პირების განცხადების საფუძველზე პარლამენტმა 16 ნოემბერს ორივეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
პარტიებმა, რომლებსაც ეს პოლიტიკოსები ხელმძღვანელობენ, არჩევნების მეორე ტურისთვის კოალიცია ჩამოაყალიბეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით და ამჟამად აქტიურად მონაწილეობენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებში.