მსოფლიო დღეს

ფრანგი მინისტრი უკრაინის გამო იმუქრება

Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერ ხელყოფას შედეგები მოჰყვება, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.
ფრანგულ გაზეთ Le Monde-თან ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობის თავმოყრა კითხვებს ბადებს და მის შეშფოთებას იწვევს.

„არსებობს სერიოზული ეჭვი და ის უნდა გაიფანტოს. მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენ ამაში დავრწმუნდეთ. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ ხელყოფას აუცილებლად მოჰყვება სერიოზული და მასიური შედეგები“, — აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა.

ჟან-ივ ლე დრიანი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
მანამდე მოსკოვმა არაერთხელ უარყო დასავლური საინფორმაციო საშუალებების ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთი ჯარებს უყრის თავს უკრაინის საზღვართან. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ალარმისტული უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. როგორც კრემლში აღნიშნეს, რუსეთს საკუთარი ჯარები თავისი ტერიტორიის საზღვრებში თავისივე შეხედულებებისამებრ გადაჰყავს და ეს არავის არ უნდა აღელვებდეს.
გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ნატო რუსეთის სამხედრო აქტიურობაზე საკუთარი ქმედებების დაფარვის მიზნით საუბრობს.