ელენე ხოშტარია: ახლა ვარ „ნიუ ჰოსპიტალსში“, მადლობა ექიმებს

შიმშილობის პერიოდში ხოშტარიას მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. პოლიტიკოსი შიმშილობის დასრულების შემდეგ რეაბილიტაციის კურსს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადის.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. დიდი მადლობა „რესპუბლიკურის“ ბრიგადებს, ექიმებს, რომლებიც შემიყვარდა ამ დღეებში, საოცრად მივლიდნენ – დაწერა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საკუთარ „ფეისბუქ“-გვერდზე.
პოლიტიკოსმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 3 ნოემბერს დაიწყო. დღეს კი, 19 ნოემბერს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. ამის საფუძველი გახდა ხელისუფლების განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის შემთხვევაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ. ამაზე ხოშტარიამ განაცხადა: „სააკაშვილის გორში გადაყვანა არის გამოსავალი და ჩემი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველი“.

„დიდი მადლობა რესპუბლიკურის ბრიგადებს, ექიმებს. ასევე მადლობა პარლამენტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის. მადლობა ვახო კალოიანს ყოველმხრივ დახმარებისთვის. ახლა ვარ „ნიუ ჰოსპიტალსში“, მშვენივრად ვგრძნობ თავს, დანარჩენი მერე“, – დაწერა ელენე ხოშტარიამ.

შიმშილობის განმავლობაში ხოშტარიას მდგომარეობა რამდენჯერმე გაუარესდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. დღეს პოლიტიკოსი იმდენად დასუსტებული იყო, რომ მას გადასაადგილებლად ეტლი დასჭირდა.
პრეზიდენტმა სააკაშვილზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა
ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, სადაც რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. გუშინ ექს-პრეზიდენტმა ადვოკატებთან შეხვედრის ბოლოს გონება დაკარგა და იგი ციხის რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს. მოგვიანებით განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა.