დაზუსტდა 2020 წელს საქართველოში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი – რას ამბობს სტატისტიკა

მშპ-ის სტრუქტურაში დიდი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებსა და გადამამუშავებელ მრეწველობას.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში 2020 წელს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ვარდნის დაზუსტებულმა მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 6,8% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკის ვარდნა გასულ წელს 6,2%-ს შეადგენდა.
დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2020 წელს მშპ-ის მოცულობამ 15,8 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 7,3% შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე გასულ წელს 4.255,7 დოლარს შეადგენდა (2019 წელს – 4.696,2 დოლარს).
სფეროები – ლიდერები ვარდნის მიხედვით
ყველაზე მეტი შემცირება 2020 წელს აჩვენა სასტუმრო ბიზნესის, ადმინისტრაციული საქმიანობის, ასევე ტრანსპორტის სფეროებმა.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2020 წელს ყველაზე დიდი ვარდნით
ეკონომიკის სფერო, ვარდნა%
ადმინისტრაციული საქმიანობა – 45,2%
სასტუმრო ბიზნესი – 44,9%
ტრანსპორტი – 23%
კომუნალური მომსახურება – 22,5%
დასვენება და გართობა – 18,4%
ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის (12,4%), განათლების (8,6%) და სოფლის მეურნეობის (8,1%) სფეროებში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, გადამამუშავებელ მრეწველობას და მშენებლობას.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2020 წელს მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წონით
ეკონომიკის სფერო, ხვედრითი წონა მშპ-ში%
ვაჭრობა – 14,8%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები – 11,7%
გადამამუშავებელი მრეწველობა – 10,7%
მშენებლობა – 8,7%
სოფლის მეურნეობა – 8,3%