ანზორ მელია: სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას უნდა დათანხმდეს

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ყოფილი პრეზიდენტი.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით, აქვთ შესანიშნავი აპარატურა, განაცხადა კარდილოგმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანზორ მელიამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში.
სააკაშვილმა შიმშილობა 50 დღის წინ დაიწყო. გუშინ, მას შემდეგ, რაც გონება დაკარგა, იგი ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. დღეს კი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
ანზორ მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა დათანხმდეს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.

„გორის სამხედრო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, დაკომპლექტებულია კარგი ექიმებით, აქვთ შესანიშნავი აპარატურა, სადაც შესაძლებელია ყოველწამიერი მონიტორინგი ჩაუტარდეს, ამიტომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დათანხმდეს, ამით თავის თავსაც გადაარჩენს, ელენე ხოშტარიას, პაატა ბურჭულაძეს და ათობით მოშიმშილესაც“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მომხრეები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავენ. ამავე მოთხოვნით შიმშილობს საქართველოს პარლამენტის ათამდე დეპუტატი, ასევე ფოთის, ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოების ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატები. ასევე მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე. დღეს შიმშილობა შეწყვიტა (შიმშილობიდან მე–17 დღეს) პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
სააკაშვილს ორი სისხლის სამართლის საქმეზე სამშობლოში დაუსწრებლად მისჯილი აქვს ექვსი წლით პატიმრობა. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე განხილვის პროცესშია, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. თავად მესამე პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს გაყალბებულს უწოდებს.
დათანხმდება თუ არა სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას
ექს–პრეზიდენტმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. სააკაშვილის რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან ციხის საავადმყოფოში ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა.
ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მოსაზრებით მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სააკაშვილმა შეწყვიტა მედიკამენტების ერთი ნაწილის მიღება. თავად სააკაშვილი, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის სამოქალაქო მრავალპროფილიან კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა დამოკიდებული იქნება პაციენტის მდგომარეობასა და ექიმების დასკვნაზე.