თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 200-ლარიანი დანამატის თაობაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აიცრნენ, კუთვნილი თანხა „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშებზე დღეს დაერიცხებათ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ლევან გოგოძის თქმით, ფულადი დახმარების თანხამ 2.024.200 ლარი შეადგინა, რომელსაც პირველ ეტაპზე 10.121 ადამიანი მიიღებს.
200-ლარიან დანამატს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში აიცრება. პროგრამა 8 ნოემბრიდან ამოქმედდა. პირებს, რომლებიც ჯერ პენსიას არ იღებენ, თუმცა 60 წელი შეუსრულდათ, „ლიბერთი ბანკში“ ანგარიშს ავტომატურად გაუხსნიან.
ერთჯერად დახმარებას ვერ მიიღებენ უკვე ვაქცინირებული 60 წელს ზემოთ პირები.
ის ბენეფიციარები კი, რომელთათვისაც 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ 60 წელს ზემოთ პირები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. წამახალისებელი პროგრამის ამოქმედებიდან პირველი კვირის განმავლობაში ვაქცინის პირველი დოზა ამ ასაკის 10.121-მა პირმა გაიკეთა.