თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ერთადერთი კლინიკა, რომელსაც მოშიმშილე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება აქვს, გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაა, სადაც ახლა მოთავსებულია მიხეილ სააკაშვილი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
ამ დროისათვის ექსპერტი ექიმები სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას ხსნიან პოსტშიმშილობის პერიოდის რეაბილიტაციის სირთულით, რასაც, მათ აზრით, ციხის საავადმყოფო ვერ გაუმკლავდება.
„ეს პროცესი (შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია) 2 ათასზე მეტმა პატიმარმა გაიარა. ციხის გარეთ ამის გამოცდილება არცერთ საავადმყოფოს არა ქვს. აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ სააკაშვილის ციხიდან გაყვანა ვიღაცის თვითმიზანია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული პროცედურები, რომლის ჩატარებაც ციხის საავადმყოფოში არ შეიძლება.
„ის (სააკაშვილი) ამბობს, რომ როგორც კი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ, შიმშილობას შეწყვეტს. თუმცა ყველამ იცის, რომ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში არანაირი განსაკუთრებული მკურნალობა საჭირო არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების ქმედება, რომლებიც, მისი აზრით, მხარს უჭერენ სააკაშვილს და მის მიერ დაფუძნებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
„ნაცობა“ არის სირცხვილი. როდესაც შენ გქვია უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია ან სახალხო დამცველი და ლობირებ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც კლავდა, აწამებდა, ბიზნესს არეკეტებდა, მედიას ართმევდა კერძო მესაკუთრეებს, ტერიტორიებს აბარებდა, ეს არის სირცხვილი“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური ექსპერტთა ჯგუფი შექმნა.
გუშინ ამ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ციხის კლინიკა არ შეესაბამება იმ პირობებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო.
ექიმების დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათი დიაგნოზია: ვერნიკეს ენცეფალოპათია, პერსისტენტული ჰიპოკალიემია, ანემია - თალასემია, გასტროინტესტინალური სისხლდენის მაღალი ალბათობა, მაღალი სტრესული გარემო.
ექიმების განმარტებით, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში არაერთი გართულებაა მოსალოდნელი, მათ შორის: ვერნიკეს ენცეფალოპათიის დამძიმება კომით, ეპილეფსიური სტატუსით, ჰიპოკალიემიით გამოწვეული ლეტალური არითმია, რაბდომიოლიზი, თირკმლის უკმარისობა, გასტროინტესტინალური სისხლდენა. შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში კი დიდი ალბათობაა, განვითარდეს კვების აღდგენის (რეფიდინგის) სინდრომი.